სამართალი
დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.

მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“, – ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.