საზოგადოება
ლუკ კოფი: ვიმედოვნებ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პირად საუბრებში საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს ერთიანობისკენ

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. იმედი მაქვს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდება სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რათა დაარწმუნოს, რომ აუცილებელია რაღაც სახის კომპრომისი, – ეს განცხადება ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კოფის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართევლოში მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტი ასეთ დონის ვიზიტი შედგება, მით უკეთესი იქნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები.

„ძალიან კარგია, რომ თავდაცვის მდივანი ოსტინი ეწვევა საქართველოს. უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის კაბინეტის წევრი ბოლოს ეწვია საქართველოს და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთი დონის ვიზიტი შედგება, მით უკეთესი იქნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები. იმედი მაქვს, ის პირად საუბრებში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს ერთიანობისკენ. ის შიდა დაპირისპირება, რაც საქართველოში გარედან ჩანს, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდება სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რათა დაარწმუნოს, რომ აუცილებელია რაღაც სახის კომპრომისი, რათა პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში შედარებით განიმუხტოს“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. კოფის თქმით, 3+3-ის პლატფორმა საქართველოსთვის მიუღებელი და არაფრის მომატანია. როგორც ამერიკელი ექსპერტი ამბობს, საქართველომ პრაგმატული ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს მეზობლებთან და გააგრძელოს ევროინტეგრაციის კურსი.

„საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს მეზობლებთან. სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაში, ეს შედარებით იოლი გასაკეთებელია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკითხები არსებობს ყველა ამ ქვეყანასთანაც. რუსეთთან კარგი ურთიერთობები წარმოუდგენელია, რადგან ის აგრძელებს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას. საქართველომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, რათა პრაგმატული ურთიერთობები ჰქონდეს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან და ამავე დროს, გააგრძელებს გზას ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც საქართველომ უნდა განაგრძოს“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება, თუმცა აუცილებელია, ვაშინგტონმა და ევროპამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული ინიციატივები წარადგინონ.

„აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, მაგრამ ახალი ინიციატივები და იდეები არ ჩანს და ეს არის პრობლემა არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის შემთხვევაში, არამედ ზოგადად დასავლეთ ევროპის შემთხვევაშიც. მათ სურთ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში, მაგრამ არასდროს სთავაზობენ ამის მისაღწევ კონკრეტულ გზებს. ასე რომ, მე მიხარია თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, თუმცა გადაჭარბებული მოლოდინი არ მაქვს“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.

კოფი მიიჩნევს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ ქვეყნებში ნატო-ს შტაბბინაში გამგზავრებამდე ჩადის.

„ძალიან კარგია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩადის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, რადგან ვაშინგტონისგან ბევრი ითხოვდა შავი ზღვის რეგიონის მიმართ უკეთესი მიდგომის შემუშავებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალამდე ჩავა. ეს ძალიან კარგია. იმედია, რომ ოფიციალური პირები, რომლებსაც ის შეხვდება თბილისში, კიევსა და ბუქარესტში, დაეხმარებიან მას მეტი ინფორმაციის მიღებაში და იქონიებენ გავლენას მისი შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, რაზეც შემდეგ მან ნატო-ს მინისტერიალზე უნდა ისაუბროს“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.