პოლიტიკა
დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი თბილისში: მიღწევები სახეზეა, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია

radisson-iveriaსასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს, 20 მაისს, გრძელდება დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი თემაზე „დემოკრატიზაცია ევროპასა და ევროპის სამეზობლოში“, რომელიც გუშინ დაიწყო.

ეს ორდღიანი შეკრება დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა ფორუმზე წარმოადინა მოხსენება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე დემოკრატიზაციის ფსონები და კონტექსტი“. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიზაცია და კეთილდღეობა, ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს გავლილი ტრანსფორმაციის საკმაოდ რთული გზა. „მე აქ, თბილისში, ყოფნისას, მაგონდება ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა დემოკრატიისკენ. დემოკრატია არ არის დანიშნულების ადგილი, არამედ ეს არის გზა, რომელსაც აქვს თავისი აღმავალი და დამავალი მონაკვეთები“, – განაცხადა იერჟი ბუზეკმა.
საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტ ემანუელ ზინგერისის შეფასებით კი, საქართველოს რეფორმების განხორციელება დამატებითი პრობლემის ფონზე უწევს, რამდენადაც ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია.
ზინგერისის განცხადებით, საქართველოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ ომის შემდეგ ქართველები არ ჩამოყალიბდნენ ნაციონალისტებად.
„თვით საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროსაც კი საქართველოში ერთი რუსი ბავშვიც არ დაშავებულა. თქვენ დამკვიდრდით როგორც დასავლური, ლიბერალური საზოგადოება, რომელიც ჩვენი კლუბისთვის, ევროკავშირისა და ნატოსთვის მისაღებია. თქვენ ეს გამოცდა ჩააბარეთ“, – განაცხადა ზინგერისმა.
საქართველოში მიმდინარე რეფორმები შეაფასა რუსმა პოლიტოლოგმა, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა. მისი შეფასებით, საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს XX- XXI საუკუნეების ისტორიაში ანალოგი არ აქვს.
„ეს არის სასწაული, რომელიც ჩვენ თვალწინ მოხდა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ საქართველო იძლევა ძალიან მნიშვნელოვან და ძვირფას მაგალითს იმისა, თუ რა როგორ შეიძლება გაკეთდეს. ბევრი ადამიანი რუსეთში ყურადღებით უყურებს ამ ყველაფერს იმის იმედით, რომ როდესმე რუსეთშიც მოხდება ასეთი რამ. ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, ასე გააგრძელეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

სხვა მონაწილეთა გამოსვლები და დისკუსია ევროპასა და მის სამეზობლოში – როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით – დემოკრატიის დინამიკასა და დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

სესიაზე ყურადღება ქართულ დემოკრატიასა და მის პერსპექტივებზეც მახვილდება. დისკუსიის თემა იქნება, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის უკრაინის პერსპექტივა: რეალობა და მოლოდინი“.

ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჰოვიკ აბრაჰამიანი და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი მიიღებენ მონაწილეობას.