პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჩხერის რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

sagareoსაქინფორმი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წლის 18 მაისს, დაახლოებით, დილის 08:00 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი (რომელთა ასაკია 17, 21, 22, 26 და 27 წელი) ჯონჯოლის შესაგროვებლად იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩონთოს ხეობაში. ამ დროს ახალგაზრდებს თავს დაესხნენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ მათი დაკავება სცადეს, თუმცა, შეიარაღებული თავდამსხმელებისგან ამ მოქალაქეების გაქცევის შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, მათ შორის, ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ქართული მხარე აფასებს ამ ფაქტს, როგორც საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებას და გაუმართლებელ სისასტიკეს, რომელიც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გვსურს, გავიხსენოთ, რომ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავს ათამდე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან, მიუხედავად მათი გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებული მოთხოვნისა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტული რეჟიმები აგრძელებენ დესტაბილიზაციის აგრესიულ პოლიტიკას, რაც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებისაკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა 18 მაისის ინციდენტზე და ცხინვალში დაკავებული ადამიანების ბედზე რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, ეკისრება. დროა რუსეთის ფედერაციამ ისწავლოს აღებული ვალდებულებების შესრულება და პასუხი აგოს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობით ან პატრონაჟით.

რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს. განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, ახლა საოკუპაციო ძალები ახალი ტიპის პროვოკაციებს მიმართავენ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას ისევე, როგორც ზოგადად მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და პრინციპების დარღვევას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ტერორისტული აქტებისა და მსგავსი ინციდენტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად. პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების აღება და საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშკარაა, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყოფნის შედეგად იქნება შესაძლებელი მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება და ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ინციდენტს. ქართული მხარე სერიოზულად დააყენებს ტერორისტული აქტების, ამ და მსგავსი ინციდენტების და უკანონოდ დაკავებული პირების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მომდევნო შეხვედრებზე და კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ შეწყვეტილ იქნეს პროვოკაციული და მადესტაბილიზებელი ქმედებები“.

 

http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=59&info_id=13751