უცხოეთი
თურქეთის საგარეო უწყება - ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთი ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, შესაბამისად, 17-19 სექტემბერში ყირიმში ჩატარებული რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე, ყირიმში ჩატარებული რუსეთის საპარლამენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გააკეთა პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ორგანიზაცია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს, ხოლო დონბასში მცხოვრები მოქალაქეების ჩართვა რუსეთის არჩევნებში, მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

1tv.ge