სამართალი
ირაკლი კობახიძე: 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშვნა ჩვენი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშვნის ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განიხილავენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული ინიციატივა შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული, რომელიც ანულირებულია, შესაბამისად ამ ინიციატივის აღსრულება მმართველი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„იცით, რომ შეთანხმება ანულირებულია, თუმცა ანულირებასთან ერთად ვთქვით, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ასეთი კონსულტაციები შედგება და იქ მიიღება ამ ყველაფერზე გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.