აქტუალური
„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას 49.7% აძლევს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 33.6%

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 49.7% აძლევს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს კი 53.5% უჭერს მხარს.

როგორც ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს.

მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, „ქართულ ოცნებას“ 23 მანდატი ექნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „საქართველოსთვის“ 1-1.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 33.6% აძლევს; „პატრიოტთა ალიანსს“ 3.5%; პარტიას „საქართველოსთვის“ 3.3%; „გირჩი- მეტი თავისუფლება“ 2.7%, „ლელო" - 1.8%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.2%; ხოლო სხვა პარტიებს ხმას 4.2% აძლევს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატების რეიტინგს,კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ხმას გამოკითხულთა 53.5% აძლევს; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს - 36.8%; „საქართველოსთვის“ კანდიდატს, ბექა ლილუაშვილს - 3.6%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, თორნიკე არევაძეს - 2.6%; ხოლო სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 3.5% აძლევს.

პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში, 7-10 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.