საზოგადოება
გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს - „ტელეიმედში“, ნიკა მელიას კი „მთავარ არხზე“ სთავაზობს

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს - „ტელეიმედში“, ნიკა მელიას კი „მთავარ არხზე“ სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ერთადერთი შესაძლებლობაა, პატივი სცენ ამომრჩევლებს, რათა მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება.

„მოგეხსენებათ, ორგანიზაცია „ოცნება“ და ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“, თავის გადმოსახედიდან ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გვეძახის, მეორე კი, მიშა სააკაშვილთან კავშირებში გვადანაშაულებს. ამგვარად, ფაქტობრივად, შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და აწყობენ გარკვეულ ცირკს, იმის მაგივრად, რომ შინაარსობრივ დებატებში შემოვიდნენ.

მივმართავ „ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, რათა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც მოვისმინე, კახა კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ „ტელეკანალ იმედზე“, „იმედის“ ტელევიზიაში. იმედი მაქვს, ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ასევე ნიკანორ მელიას მინდა, შევთავაზო, „ნაციონალური მოძრაობის“ „მთავარ არხზე“, პირისპირ მოვაწყოთ დებატები.

მოგეხსენებათ, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის არჩევნების განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი შესაძლებლობაა, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს, მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს 13 სექტემბერია, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ. მინდა გითხრათ, რომ მე მზად ვარ, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ, რამეთუ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა საქართველოს მოქალაქეების, მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალური არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.