პოლიტიკა
შარლ მიშელმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა.

აღნიშნულის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას განიხილა ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მათი გავლენა რეგიონზე.

მისი თქმით, ევროკავშირი და რუსეთი დაინტერესებული არიან რეგიონული სტაბილურობით. მან პრიორიტეტად ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება, ტერორიზმის, ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა დაასახელა.

„დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. გავცვალეთ აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებთან დაკავშირებით – საჭიროა ნდობის აღდგენა და დიალოგი. დავგმე ბელარუსის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ უკანონო მიგრაციის იარაღად გამოყენება“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.