სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ „საქართველოს რკინიგზიდან“ თანამშრომელთა უმიზეზო დათხოვნასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებს

rkinigzaროგორც საქინფორმს პარტიიდან აცნობეს, ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ „საქართველოს რკინიგზაში“ რეორგანიზაციის საბაბით პროფესიონალი კადრები გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები დანიშნეს. ხელოვნურად გაიზარდა შტატები და 300 თანამშრომლის ნაცვლად, დეპარტამენტში ამჟამად 1 700-მდე მოხელე მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის დანიშვნა პროტექციით მოხდა.

„არაერთხელ განგვიცხადებია „საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ უკანონო ვითარებაზე. კერძოდ, აღნიშნულ ორგანოს მაღალჩინოსანთა კორუფციულ საქმიანობასა და თანამდებობებზე პროტექციით დანიშვნის ფაქტების შესახებ. ჩვენი ორგანიზაციის აქტიურობის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პრობლემის შენიღბვა და ხელოვნურად გაზრდილი შტატების შემცირება. თუმცა ეს კვალიფიციური კადრების წარმოებებიდან დათხოვნის გზით ხდება, რომელთა ადგილსაც ამჟამად დეპარტამენტში პროტექციით მომუშავე ხელისუფლების „ფავორიტი“ მოხელეები დაიკავებენ. ამჟამად თანამდებობიდან უმიზეზოდ 40-მდე კაცია გათავისუფლებული. ჩვენი ინფორმაციით, სულ 4 000 კვალიფიციური კადრის დათხოვნა იგეგმება. ამის პარალელურად, „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო 20 მლნ ლარის სესხი, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება. კერძოდ, ამ თანხით ბათუმის ბულვარში სავაჭრო ობიექტის მშენებლობა ფინანსდება, რაც რკინიგზის პრეროგატივა არაა“, – აცხადებენ პარტიაში.

„თავისუფალი საქართველო“ „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებისა და პირადად ხელმძღვანელ ირაკლი ეზუგბაიას კორუფციულ საქმიანობას მიზანმიმართულ დანაშაულებრივ აქტად აფასებს და მოუწოდებს „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებს, შეწვიტონ პროფესიონალი მუშაკების უმიზეზოდ გათავისუფლება.