აქტუალური
2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.1 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.8-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -4.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.4 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 24.0 პროცენტით და ვაჭრობა – 18.3 პროცენტით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 15.2 პროცენტითა და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, როგორიცაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ – შესაბამისად 27.2 პროცენტი, 13.6 პროცენტი და 11.6 პროცენტიანი წილებით. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი, 9.0 პროცენტიანი წილი მოდის მშენებლობის, 8.0 პროცენტიანი წილი ტრანსპორტისა და დასაწყობების და 4.1 პროცენტიანი წილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

რეგიონების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი – 80.2 პროცენტით, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტით, აჭარა – 3.8 პროცენტით, იმერეთი – 3.4 პროცენტით და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტით.