სამართალი
სალომე ზურაბიშვილი - შეთანხმებით საფუძველი ედება სასამართლო და საარჩევნო სისტემების ევროპულ დონეზე აყვანას

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ამ შეთანხმებით საფუძველი ედება სასამართლო და საარჩევნო სისტემების გაძლიერებას, ევროპულ დონეზე აყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არანაკლებ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზეც.

„ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები. საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათი ევროპულ დონეზე აყვანას. ერთი – ეს არის სასამართლო სისტემა, მეორე – საარჩევნო სისტემა. ორივე მათგანი ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედია და ამდენად, ის რაც მოხდება მომავალ კვირებში, თვეებში, რაც შეიძლება სწრაფად, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებით მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემებს, რაც პრაქტიკაში იქნება გადატანილი ოქტომბერში ჩვენი ადგილობრივ არჩევნების დროს.

ამ შეთანხმების არანაკლები შედეგია საგარეო პოლიტიკის კუთხით. ეს შეთანხმება ასახავს ძალიან მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში ბევრი კრიზისია, ალბათ უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე საქართველოში იყო, მაგრამ ევროპის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს იმის მანიშნებელია, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ზოგი არასასიამოვნო და ცოტა საწყენი გამოთქმა, რაც ადრე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან საქართველოს მისამართით ისმოდა, ასევე არის იმ სიახლოვის და მეგობრობის აღმნიშვნელი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ ეტაპზე ინაცვლებს, რაც ნიშნავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

„უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს იწყება ჩვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი. ამისთვის გზა გაიხსნა და ახლა ძალიან აქტიურად შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი იმაზე, რას ნიშნავს ეს ახალი ეტაპი და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს სიახლოვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციებში, იმ დიდ, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი. ეს არის ჩვენი ერთობლივი მომავალი. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევუდგებით ამ კონკრეტულ ამოცანას ძალიან მალე და ავსახავთ ნამდვილ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.