უცხოეთი
ჯო ბაიდენი - დროა მუდმივი ომი დასრულდეს, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების საბოლოოდ გაყვანა პირველი მაისიდან დაიწყება

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას 1-ელი მაისიდან დაიწყებს.

“მე ახლა შეერთებული შტატების მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკული ჯარის ყოფნას ხელმძღვანელობს. მე ამ პასუხისმგებლობას მეხუთე პრეზიდენტს არ გადავცემ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციის შემდეგ, მე მივედი დასკვნამდე, რომ დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე გრძელი ომი. დროა ამერიკელი სამხედროები დაბრუნდნენ სახლში“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

მან თალიბები გააფრთხილა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა, პარტნიორებთან ერთად თავს დაიცავს მათ ხელთ არსებული ყველა იარაღით.

„აშშ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან საბოლოოდ დაიწყებს ჯარების გაყვანას. ჩვენ ამას გავაკეთებთ პასუხისმგებლობით, შეგნებულად და უსაფრთხოდ და გავაკეთებთ სრულ კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებსაც ახლა ავღანეთში უფრო მეტი ძალა ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. ამერიკული ჯარები, ასევე იქ განლაგებული ნატოს მეკავშირებისა და პარტნიორების ძალები ავღანეთიდან გავლენ მანამდე, ვიდრე ჩვენ აღვნიშნავთ 11 სექტემბერს მომხდარი თავდასხმიდან 20 წლის თავს. თუმცა ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ ტერორიზმზე. ჩვენ თალიბანს მოვთხოვთ დაიცვას ვალდებულება, რომ არ დაუშვას ავღანეთის მიწიდან რომელიმე ტერორისტი დაემუქროს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს. ეს ვალდებულება ასევე ჩვენს წინაშე აიღო ავღანეთის მთავრობამაც“, - აღნიშნა ბაიდენმა.

interpressnews.ge