სამართალი
ირაკლი კობახიძე - ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე დიდი დრო დაეთმო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბარს.

„საინტერესოდ წარიმართება ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში. გვქონდა შეხვედრა სენატორ რიშთან, მასთან ვისაუბრეთ ჩვენ როგორც რეგიონში, ისე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გვქონდა შეხვედრა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ჯორჯ კენტთან, ასევე გვქონდა შეხვედრა კრის სმიტთან, რომელიც თეთრ სახლს წარმოადგენს. აგრეთვე, გვქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან, კინზინგერთან და კონოლისთან, ყველა შეხვედარზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკითხზეც, რომ რუსეთი რაღაცნაირად ახერხებეს თავისი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც არის შეშფოთების საგანი, ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს პარტნიორებთან. ასევე, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს, რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, არის მინიშნება, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას.

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. გვქონდა საუბარი ყველა დეტალზე, არჩევნებთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც უკავშირდება არჩევნებს, სისხლის სამართლის საქმეებს, მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, რჩევები არის ძალიან საინტერესო და დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.