პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა, გართულდეს, თუ მიშელის მისია წარმატებული არ იქნება

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. სამწუხაროდ, როდესაც საქმე პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხება, რაღაც ძალიან ცუდი ხდება. შეხედეთ, რა მოხდა ბელარუსში, მთიან ყარაბაღში, კრიზისი საქართველოში, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა, გართულდეს, თუ შარლ მიშელის მისია წარმატებული არ იქნება.

კალიურანდი აცხადებს, რომ ეს პროცესები ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე გავლენას იქონიებს.

„ევროპული პარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, არა სრული შემადგენლობის, მაგრამ ჩემი და სამხრეთ კავკასიის დელეგაციის სახელით. რას ვხედავთ აქ, ევროპულ პარლამენტში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. სამწუხაროდ, როდესაც საქმე პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხება, რაღაც ძალიან ცუდი ხდება. შეხედეთ, რა მოხდა ბელარუსში, მთიან ყარაბაღში, კრიზისი საქართველოში და შემიძლია, გავაგრძელო. ეს სამწუხაროა, ევროპას ძალიან ბევრი სხვა საკითხი უდევს მაგიდაზე. დაწყებული კოვიდით, დასრულებული მიგრაციით, ტერორიზმი და ასე შემდეგ. ასე რომ, ვშიშობ ევროპამ შესაძლოა, იგრძნოს იმედგაცრუება აღმოსავლეთ პარტნიორობით, შეიძლება დაკარგოს ეს ინტერესი პროექტის მიმართ.

გარწმუნებთ, მე, როგორც სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამ საკითხს დღის წესრიგში მუდმივად დავაყენებ, მაგრამ პარლამენტში 705 წევრია და საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა, გართულდეს, თუ შარლ მიშელის მისია არ იქნება წარმატებული. არ მინდა, კონკრეტულ თარიღებსა და პროცესებზე საუბარი, მაგრამ რასაკვირველია, ამ პროცესებს ექნება გავლენა ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.