პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ცნობად მიიღეს ის პროგრესი, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული. ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

აღნიშნა რა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“, საბჭომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, „ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით“.

ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა „საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების“ გამო და განაცხადა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.