უცხოეთი
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების განსახილველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს შეხვედრას გამართავს

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მონაცემების განსახილველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ მსოფლიო მედია წერს.

აღნიშნული კომპანიის ვაქცინის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროპის 20-მდე ქვეყანამ, შესაძლო გვერდითი ეფექტების საშიშროების გამო, ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.

მედიის ცნობით, დაგეგმილი განხილვის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინის უსაფრთხოების მიმართ ნდობა არაერთხელ გამოხატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ ამ დროისთვის გვერდით მოვლენებთან პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

ევროპის წამლების სააგენტოში 18 მარტს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ შეგროვებული ინფორმაცია იმის გასარკვევად, შეუწყო თუ არა ხელი ვაქცინამ თრომბოემბოლიურ მოვლენებს. ექსპერტების მტკიცებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები ვაქცინირებულ მოქალაქეებში ზოგადად მოსახლეობაში გამოვლენილი შემთხვევების რიცხვს არ აღემატება.

1tv.ge