საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები არის დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

„ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას, პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე, როგორც დაშინება ან დევნა, არის უკანონო, დასაგმობი, და გამოძიებულ უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, პროფესიულად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.