აქტუალური
Heritage Fundation - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. შესაბამის კვლევას ორგანიზაცია Heritage Fundation აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის რეგიონში 45 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, საქართველო შეფასებულია 77,2 ქულით. მისი შეფასება წინა წელთან შეადრებით 0,1 ქულით გაუმჯობესდა, რასაც კვლევის ავტორები სამთავრობო ხარჯების შეფასების გაუმჯობესებით ხსნიან.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედგენა ოთხი კომპონენტის შეფასებით ხდება, ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულირების ეფექტიანობა და ღია ბაზრები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აღიარებულია საკუთრების უფლება და მთავრობამ გაამარტივა საკუთრების რეგისტრაცია, თუმცა აღსრულების ზომები სუსტი და ბუნდოვანია, ხოლო დაურეგისტრირებელმა საკუთრების უფლებამ შესაძლოა, ინვესტიცია შეაფერხოს. კვლევის თანახმადვე, სასამართლო რეფორმები მიმდინარეობს, თუმცა „სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ჩარევა პრობლემად რჩება“. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ წვრილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწია, მაღალი დონის კორუფცია ნარჩუნდება საჯარო მოხელეებს შორის.

კვლევაში თავისუფალ ქვეყნებად დასახელებულია ის სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ მინიჭებული 80-100 ქულა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზეა სინგაპური, მას მოსდევენ: ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი (71,9 ქულა) 32-ე პოზიციას იკავებს, აზერბაიჯანი (70,1 ქულა) – 38-ე პოზიციას, თურქეთი (64 ქულა) – 76-ე პოზიციას, ხოლო რუსეთი (61,5 ქულა) – 92-ე პოზიციას.