საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების დაწესება გვაიძულოს

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ვაქცინის მიღებადმდე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭიროა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება. ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.