სამართალი
ხატია დეკანოიძე - თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებზე, 20 მარტს ძალიან დიდ აქციას გავმართავთ

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია და არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალება მისცეს.

ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, ზოგადად მომავალ გეგმებზე, მათ შორის 20 მარტის აქციაზე. ოპოზიციური ერთობა იმავე პლატფორმაზეა, რომელზეც ვიყავით. მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიას ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, იმიტომ, რომ ვალდებულებები გვაქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იგივეა, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და სწორედ ის წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდასთან. უნდა ვისაუბროთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ეს ადამიანი ახლა გამოძიებისგან სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი უნდა იყოს. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს სხვა პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი სრულად მიუღებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ, არ მივცეთ მათ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალონ. თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“, - აღნიშნა დეკანოიძემ.