აქტუალური
შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად დასახელდა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. 24 თებერვალს რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის, საქართველოს თემაზეც ისაუბრა.

„მთიან ყარაბაღში, უკრაინაში, საქართველოსა და დნესტრისპირეთში მიმდინარე, გადაუჭრელი კონფლიქტები უსაფრთხოების ევროპული წესრიგის უგულებელყოფის შედეგს წარმოადგენს“, – განაცხადა ლინდემ და განმარტა, რომ მსგავს გამოწვევებს ნეგატიური გავლენა აქვს შვედეთზეც.

შვედმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ პოლიტიკაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა მიუღებელია.

„საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები ძირს უთხრიან უსაფრთხოების ევროპულ წესრიგს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მყარ საფუძველს ქმნიან“, – აღნიშნა ან ლინდემ.