აქტუალური
ნათია თურნავა - ისტორიული პროცესის მონაწილე ვართ, საქართველოს გავლით ევროპას კასპიური გაზი მიეწოდება

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ყველა მონაწილე ვართ მართლაც ისტორიული პროცესისა, როდესაც რეალური გახდა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების საუკუნოვანი ოცნება, რომ საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება კასპიური გაზი. უკვე მოქმედებაშია არა მხოლოდ სამხრეთკავკასიური ნაწილი, რომელსაც თავისი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, არამედ შაჰდენიზის მეორე ფაზის შემდეგ, წარმატებით გაეშვა ტანაპის პროექტი და ახლა უკვე, ბოლოს, ტრანსადრიატიკის მილსადენი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები, ტაპ-ის პროექტის დასრულება და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების დაწყება“.

მისი შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება შესრულდა.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაზე, თუნდაც, თურქმენეთის მონაწილეობაზე ამ ინიციატივაში. ასევე საუბარია ახალ მოცულობებზე, ახალ საძიებო სამუშაოებზე, რასაც აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. ასევე ვსაუბრობთ ამ დერეფნისა და მილსადენების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე და ამაში სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე მთავარი სიკეთეა შაჰდენიზიდან ე.წ. „უფასო გაზის“ გაზრდილი მოცულობები, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს.