პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

უკრაინის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო პირები არიან, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციების. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია კომენტარში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ეხმაურება საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმეს.

„ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული შემთხვევა, როდესაც უკრაინელებს საზღვარგარეთ დასჭირდათ თავიანთი სახელმწიფოს დახმარება, იყო საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ ხომალდის დაკავება, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა უკრაინის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი. ამ საქმეში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით უმოქმედობის ბრალდებები უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს შორის არის. მათ გასათავისუფლებლად საელჩომ ჩაატარა მრავალი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი საელჩოს კონსული დაეხმარა დაკავებული უკრაინელების ახლობლებთან დაკავშირების უზრუნველყოფაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში უკრაინის საელჩომ გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და წარადგინეს შუამდგომლობა, რომ თავდებად დაუდგნენ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს.

უკრაინელი დიპლომატები მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რადგან უკრაინული სახელმწიფო არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარა.

ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.