უცხოეთი
უკრაინის ელჩი - სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ გვეხმარება ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარებათ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

იგორ დოლგოვის განმარტებით, იმედი აქვს, ერთი კონკრეტული პირის – უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ორი ქვეყნის მეგობრობას.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს კომენტარის გაკეთება იმ პირთა განცხადებებზე, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს, უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“, – აღნიშნა იგორ დოლგოვმა, რომელიც პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

1tv.ge