უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - გაკვირვებული დავრჩით ბორელის მიერ ვიზიტის შედეგების შეფასებით, რომელიც მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაოცებულები არიან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ რუსეთში გამართული ვიზიტის შეფასებით, რაც, მათი განმარტებით, მოსკოვში გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებულია.

„გაკვირვებული დავრჩით ბორელის მიერ ვიზიტის შედეგების შეფასებით, რომელიც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვიზიტის შესახებ პირადი შეფასება სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაეჟღერებინა.

„ის არავის შეუზღუდავს არც დროში და არც ფორმატში“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

რუსეთში ვიზიტის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგი არ სურს. მან ასევე არ გამორიცხა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

interpressnews.ge