პოლიტიკა
ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა, არ შეუწყვიტოს მანდატები ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

 საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები არ შეუწყვიტა.

გუშინ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ პარლამენტის „საბოტაჟს“ ცდილობს, რასაც მმართველი გუნდი თავისი გადაწყვეტილებით „ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“.

„ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საპარლამენტო უმრავლესობამ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაც გაითვალისწინა, რომელიც „რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“.

„ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის კიდევ 20 დეპუტატს სურს, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას „შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ“. „შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – დაამატა კობახიძემ.

წინა დღეს გავრცელებულ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა ოპოზიციას, რომ პატივის სცეს თავის ამომრჩეველს და სადეპუტატო მანდატებით ისარგებლოს, ხოლო უმრავლესობას, „არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის „ნაადრევი“ გადაწყვეტილება არ მიიღოს.

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას კენჭი გუშინ, პარალმენტის პირველ საგაზაფხულო სესიაზე უყარეს. სხდომას ქართული ოცნებისა და პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულ 4 დეპუტატთან ერთად, პარტია მოქალაქეების ორი დეპუტატიც ესწრებოდა, რომელთაც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება 29 იანვარს, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანმხების შემდე გადაწყვიტეს.

51 ოპოზიციონერიდან, რომელთათვისაც დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე გუშინ პარლამენტმა იმსჯელა, 36 ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკიდან არის, 5 ევროპული საქართველოდან, 4-4 სტრატეგია აღმაშენებლიდან და ლელოდან, 1 ლეიბორისტული პარტიიდან, ერთიც გირჩის ახალი განაყარის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა.

გირჩის დანარჩენ ნაწილს კი, მათ შორის იაგო ხვიჩიას, პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს.