აქტუალური
ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება

 საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. თუკი ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათი განცხადებების გარეშეც დადგება - ეს საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, პარლამენტს გუშინდელი გადაწყვეტილებით, როცა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, კანონი და რეგლამენტი არ დაურღვევია. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც იმას ემსახურება, რომ კარი რჩება ღია, რათა ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებისა და პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

“პარლამენტმა მანდატების შეწყვეტის საკითხს არც მხარი დაუჭირა და არც უარი თქვა - პარლამენტმა უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე თავი შეიკავა. პარლამენტის 51 ოპოზიციონერი დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში არ არის. ისინი საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ. გამომდინარე აქედან, რამდენ სხდომასაც გააცდენენ, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, იმდენჯერ ჩამოეჭრებათ ხელფასი. ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუკი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. ამიტომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათი განცხადების გარეშეც დადგება. ეს საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე იქნება - როდესაც საგაზაფხულო სესია დაიხურება, მოხდება დათვლა და განვლილი პერიოდისთვის ანალიზის გაკეთება. საკითხი პარლამენტის წინაშე როგორც კონსტიტუცია ითხოვს, კონსტიტუციის რანგში დადგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია. შესაბამისად, ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება.