სამართალი
გია ვოლსკი - ვალდებული ვართ, მანდატების შეწყვეტის საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან მივუდგეთ

 ​საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე - არსებობს კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის სურვილია, მანდატების შეწყვეტის რესურსი დესტრუქციისთვის, თავისუფლებააყრილად წარმოჩენისთვის და მთლიანობაში, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის გამოიყენონ.

„მანდატების შეწყვეტა რამდენიმე გარემოების გამო დამაზიანებელი იქნება. პირველი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უტიფრად იტყვიან, რომ კი, პარლამენტში შესვლაზე დაგიჯერებდით, მაგრამ აი, მანდატი შემიწყვიტეს. მოსალოდნელია ამ თემით სპეკულირება. არის მეორე საკითხი - აი, ჩვენ იქ არა ვართ, ესე იგი, პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მოქმედებს. აქედან გამომდინარეობს მანდატების შეწყვეტაზე მათი გააფთრებული მოთხოვნა. არის მესამე გარემოებაც - ვაი და, ვიღაც გონს მოვიდეს, საერთაშორისო პარტნიორების შეძახილი და თუნდაც ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გაითვალისწინოს. ამის გათვალისწინებით ყალიბდება დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ვალდებული ვართ, საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან მივუდგეთ - სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ მანდატები არ შევაჩეროთ. უნდა ვიმსჯელოთ აქედან გამომდინარე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.