სამართალი
NDI - გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს.

გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.