პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით

sagareo-samin2011 წლის 25-26 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „რეგიონული ტურნე" ჩაატარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებს, ხელი მოაწერა ამ რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებებს, რომლებიც საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, როგორც ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება და რაიმე სხვა სახის დოკუმენტი.

ირონიანარევ სინანულს იწვევს, როცა მაღალი რანგის რუს დიპლომატს უწევს ისეთი კომიკური ქმედების განხორციელება, როგორიცაა ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმების მარიონეტ ლიდერებთან. ამ იაფფასიანი სპექტაკლის კარიკატურულობას სიმბოლურად ხაზს უსვამდა სერგეი ლავროვისათვის „ორდენის" გადაცემა ცნობილი კრიმინალის კოკოითის მიერ.

სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბჭოთა პოლიტიკური ლიდერების სტილში განხორციელებული ეს „ვიზიტები" წარმოადგენს ცინიკურ პროვოკაციას, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ აპირებდა და არც აპირებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და დემონსტრაციულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს. პარალელურად კრემლი მიზნად ისახავს ლეგიტიმურობის ილუზია მაინც შეუქმნას საოკუპაციო რეჟიმებს, რადგანაც, მიუხედავად რუსეთის გულმოდგინე მცდელობისა და ფინანსური გულუხვობისა, მათი ე.წ.საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარების პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა.

აგრეთვე ძალზე ცინიკურად ჟღერს განაცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საოკუპაციო რეჟიმების დაცვა საქართველოს „მორიგი აგრესიისგან". სერგეი ლავროვს შევახსენებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ უკვე აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენების თაობაზე და იგივე მოითხოვა რუსეთისაგან. ეს უკანასკნელი კი ჯიუტად აცხადებს უარს აიღოს თავის თავზე ასეთივე ვალდებულება და, პირიქით, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებით, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში.

ვფიქრობთ, უკვე დროა კრემლმა გააცნობიეროს, რომ სუვერენული ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების, ეთნიკური წმენდის, ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას თანამედროვე მსოფლიო არ შეეგუება და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე მეზობელ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარება, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას, შეესაბამება ორი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს.

 

http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=59&info_id=13679