სამართალი
სერგო ჩიხლაძე - ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება ქონების მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში გადადებას ჰგავს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ჩვენ არ ვიცით, ივანიშვილი რეალურად წავიდა თუ ფიქტიურად. ნებისმიერ შემთხვევაში ის ცდილობს დისტანცირდეს წარუმატებელი „ქართული ოცნებისგან“, არ უნდა მისი ისედაც დაზიანებული რეპუტაცია, კიდევ უფრო დაზარალდეს და კიდევ უფრო დაბლა დაქაჩოს „ქართული ოცნების“ წარუმატებლობამ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება ქონების მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში გადადებას ჰგავს.

“ბიძინა ივანიშვილი 2011 წლიდან არის პოლიტიკაში, თუმცა 9 წლის განმავლობაში ის მაინც ვერ გაერკვა, რა არის პოლიტიკა, რა არის ბიზნესი, რა არის ქველმოქმედება და სრული აღრევა არის ამ ყველაფრის. სამწუხაროდ, პოლიტიკური სახელმწიფოებრივი მიდგომა “ქართულ ოცნებაში” 9 წლის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა და ეს, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რაც შეეხება მილიარდ ნახევრის ქველმოქმედებას - ეს არის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ქონების“, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება მის ოფშორებში, მაგრამ ამის გადაფორმება საქველმოქმედო ფონდზე ბევრი არაფრის მაჩვენებელია. აქ შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყოს, რომ ის ცდილობს, ვთქვათ, მესამეულ კომპანიაზე გადააფორმოს თავისი ქონება, მას შეიძლება ეშინოდეს გარკვეული სანქციების, შეიძლება არ უნდა გაიგივებული იყოს პირდაპირ ამ ქონებებთან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მარჯვნიდან მარცხენა ჯიბეში გადადებას ჰგავს ამ ქონების გადაცემა. მისი ქონებაა და როგორც უნდა, რაშიც უნდა იმაში დახარჯავს, უბრალოდ ერთი კომპანიიდან მეორეზე გადაფორმება თავისთავად საქველმოქმედო აქტი არ არის. სხვისი ქონების დათვლა არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ ყველანაირი ოფიციალური მონაცემებით, 5-დან 7 მილიარდამდე არის ამ ადამიანის ქონება, აქ ლაპარაკია ხილულ ქონებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა. ოფშორებში რა ქონებები აქვს ჩვენ ხომ არ ვიცით და გადმოაფორმა ის ქონება, რომელი საქართველოში არის და ვიცით, რომ მას ეკუთვნის. შეიძლება მას სანქციების ეშინოდეს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ძნელია ამის განსაზღვრა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მისი ქონებაა და მისი გადაფორმება-გადმოფორმება და რა დგას ამის უკან, პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესი, ამას დრო დაგვანახებს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არ ვიცით, ის მართლა წავიდა, თუ ფიქტიურად წავიდა. ნებისმიერ შემთხვევაში ის ცდილობს დისტანცირდეს წარუმატებელი “ქართული ოცნებისგან”. იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გადალახა პრობლემები და კრიზისი ქვეყანაში და მას არ უნდა მისი ისედაც დაზიანებული რეპუტაცია, კიდევ უფრო დაზარალდეს და კიდევ უფრო დაბლა დაქაჩოს “ქართული ოცნების” წარუმატებლობამ”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.