პოლიტიკა
გიორგი გახარია - სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის განმავლობაში იქნება საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის განმავლობაში იქნება საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო, ბოლო 1 წლის განმავლობაში ახორციელებდა.

„ბოლო შეზღუდვების შედეგად, შეზღუდვების დასაბალანსებლად, ჩვენ გამოვაცხადეთ ერთჯერადი მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის და კონკრეტულად იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ეს შეზღუდვები შეეხო. ეს გახლავთ სავაჭრო ქსელები, ბაზრობები და ა.შ.

დღეის მდგომარეობით, 130 000-ზე მეტი განაცხადი არის სახელმწიფოში შემოსული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე, რომლიდანაც დიდი ნაწილი, 110 000-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე, დანარჩენი ყველა დაკმაყოფილდება. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ეპიდემიას ეკონომიკაზე და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.