პოლიტიკა
გიორგი გახარია - სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდება, რათა აღვადგინოთ ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყველაზე სწორი და სწრაფი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და რაც მთავარია, ნდობის აღდგენის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც გუშინ კენჭი უყარეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან. ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.