უცხოეთი
აზერბაიჯანი ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ იუწყება, სომხეთი კი ბაქოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ იუწყება, სომხეთი კი ბაქოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად მიჩნეულ სომეხ სამხედროებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, პირიქით – მათ შექმნეს საბრძოლო პოზიციები, ბოლო დღეებში განახორციელეს ტერორისტული პროვოკაციები და დივერსიული მოქმედებები იმ პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებდნენ სამოქალაქო სამსახურს აზერბაიჯანის მხრიდან. ბაქოში ამბობენ, რომ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სოფელ სურში სომხების თავდასხმას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ჰადრუთის დასახლებასთან ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. ბაქოში ამბობენ, რომ ვითარების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა, ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაეტარებინა ამ ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ძალები აგრძელებენ პროვოკაციებს დასახლებული პუნქტების – მეც შენის და ხინ შენის მიმართულებით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის გაუფასურებას. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეთნიკურ წმენდას ცდილობს და სომხური დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდება სურს. ოფიციალური ერევანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

1tv.ge