აქტუალური
ბადრი ჯაფარიძე - პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა ჩვენ უარს არ ვამბობთ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არის მოცემულობა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ნამდვილობას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს.

„დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ ის ჩატარდა დიდი დარღვევებით და ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდეგ არჩევნებსაც დარღვევებით მივიღებთ, ამიტომ გადაწყვიტა პარტიამ, გამოიწვიოს სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ახალი არჩევნების ჩატარების სისტემაზე და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული დამახინჯებული არჩევნების პრაქტიკა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.