საზოგადოება
მეათე მოწვევის პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ საკითხად 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. მეათე მოწვევის პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ საკითხად 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს.

მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პირველ ოქტომბერს წარუდგინა და მისი პირველადი განხილვა კომიტეტების დონეზე მოხდა, თუმცა იმის გამო, რომ 2021 წელზე პასუხისმგებელი მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დოკუმენტი პლენარული სხდომის ფორმატში არ განიხილა და მსგავსი უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტს დააკისრა.

მთავრობამ უწყებას უკვე წარუდგინა ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიაც, რომლის განხილვაც დაიწყება მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება.

დოკუმენტზე იმსჯელებენ პლენარული სხდომის ფორმატში და მას სავარაუდოდ კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი წარუდგენს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, მესამე პარასკევამდე, 17 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი – 16 მილიარდ 758.1 მლნ ლარს შეადგენს.