პოლიტიკა
საერთაშორისო ექსპერტები ნატო-ს მოუწოდებენ, საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა რაც შეიძლება სწრაფად გადასცეს

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ექსპერტები ნატო-ს მოუწოდებენ, საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციაში, რომელიც ლვოვის საერთაშორისო ფორუმის ბოლოს მიიღეს, ნათქვამია, რომ „ნატო-ს რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინონ საქართველოს და უკრაინის წვერობის რეალისტური სამოქმედო გეგმა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“.

ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, ხოლო რუსეთის მხირდან მომავალი აგრესია მთავარ საფრთხედ დაასახელეს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, რაც მოსკოვმა მთიანია ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გააკეთა, ხოლო შავ ზღვას აქცევს პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, რაც მათი თქმით, ყირიმის ოკუპაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ექსპერტები შიშობენ, რომ რეგიონის მიმართ ნატო-ს სტრატეგიის დანაკლისი ქმნის ვაკუუმს, რომლის შევსებასაც რუსეთი ადვილად ახერხებს.

მათივე თქმით, ნატო-ს სურს, შეიმუშავოს გაერთიანებული გეგმა სამხრეთ-აღმოსაველთ ფლანგის გასაძლიერებლად, რაც მოიცავს ბალტიისპირეთს, შავ ზღვას და ხმელთაშუა ზღვას.

ექსპერტები ნატო-ს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ურჩევენ. მათ შორის ოკუპირებული ყირიმიდან გემებს ყველა ევროპული და დასავლეთის ქვეყნების პორტებში შესვლა უნდა აუკრძალონ, შავ ზღვაში მუდმივად უნდა იყვენენ დისლოცირებული გერმანული და ამერიკული ხომალდები. რეგიონში ასევე უნდა განთავსდეს საწვრთნელი ბაზა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროები რეგულარულ წვრთნებს ჩაატარებენ.

რეზოლუციას მხარი 17-მა ექსპერტმა დაუჭირა. მათ შორის იყო ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი იგორ ვორონჩენკო.