პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - მიღებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, – წერს დავით ზალკალიანი, რომელიც ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

„ტვიტერის“ საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.

„ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ, მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.