პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრო გახარია! ნუ გაწირავთ საქართველოსა და „ქართულ ოცნებას“ ერთი უხეირო სტომატოლოგის გამო! - არნო ხიდირბეგიშვილი

     ბატონო გიორგი!

   ჩემი დიაგნოზი მოწმობს, რომ ეს პუბლიკაცია შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. რაც მაძლევს უფლებას, დავივიწყო პოლიტკორექტულობა პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილშიც კი, რადგან იქ ყველა თანასწორია... სწორად გამიგეთ - მე არ გთხოვთ დახმარებას, მე თხოვ დახმაროთ საკუთარ თავს დაქართულ ოცნებას“, ათა ერთი მინისტრისა და დამნაშავეების ჯგუფის გამო, ვისაც შეცდომაში შეჰყავხართ, მთელი საქართველო არ დაიღუპოს!

   ჩემ მაგალითზე მოგითხრობთ, თუ რა სატანჯველში ცხოვრობენ და იღუპებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა მთავრობასაც სათავეში თქვენ უდგახართ. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ მე არ ვარ ამ ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, მაგრამ ეს არ არის "ქართული ოცნების" დამსახურება: თავისი მომხრეების არაფრით დახმარება მმართველი პარტიის საფირმო სტილია!

   მაშ, ასე: დაახლოებით 10 დღის წინ ტემპერატურამ 39 გრადუსამდე ამიწია, რის შემდეგაც ასჯერ დავურეკე ყველა შესაბამის საგანგებო სამსახურებს და ჯანდაცვის სამინისტროს Facebook–გვერდზეც კი მივწერე. წარუმატებლად - ყველა "ცხელი“ ხაზი ჩემ მიმართ „ცივი“ აღმოჩნდა და არანაირი დახმარება არ მიმიღია, არცერთმა "ოჯახის ექიმმა" არა და არ დამირეკა.

   სუნთქვა მიჭირდა, მუდმივად ტემპერატურის დაწევაც, და ჩემი საშუალებებით დავიწყე მოქმედება. გამოვიძახე ლაბორატორია სისხლის ანალიზისთვის - დავურეკე ყველას, რაც კი თბილისში არსებობს. მხოლოდ ერთი დამთანხმდა 5 დღეში მოსვლას, დანარჩენებს კი ერთკვირიანი რიგები ჰქონდათ. ამ 5 დღის განმავლობაში ჩემი მდგომარეობა უფრო გაუარესდა, რაც აჩვენა ანალიზების კატასტროფულმა პასუხებმა (ანალიზები, რომლებიც მივიღე, თანაც – არა ყველა და მხოლოდ მეორე დღეს, 200 ლარი დამიჯდა).

   ამის შემდეგ დავურეკე ყველა სამსახურს, რომელიც კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს აკეთებს, ასეთი ქალაქში ხუთია. ორი მათგანი მოვიწვიე, ორივემ უარყოფითი შედეგი აჩვენა (ერთი –130 ლარად, ანტიგენებზე, მეორე – 150 ლარად, ანტისხეულებზე). წინდაწინ ვიტყვი, რომ ორივე პასუხი მცდარი იყო, ისევე როგორც ყველა სწრაფი ტესტი, რომელზეც მივყევართ „სასწრაფოს“! ვინ და რამდენი მილიონი იშოვა ამ ტესტებზე, ბატონო პრემიერ–მინისტრო?! და უარყოფითი ტესტით ჰოსპიტალიზიცია რომ აკრძალულია, თუნდაც იქვე, ექიმების თვალწინ, სული დალიო, ამაზე თუ ხართ საქმის კურსში, ჩემო პრემიერ?!

 

   ამ ხნის განმავლობაში საწოლიდან წამოდგომაც ძალიან მიჭირდა, ხოლო ნიღბით სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო, ამიტომ ნაცნობობით ერთ კერძო კლინიკაში წამიყვანეს, სადაც განმეორებითი სისხლის ანალიზი და შედარებით სუსტი PCR ტესტი გამიკეთეს, რომელმაც 12 საათის შემდეგ ცალსახად დადებითი შედეგი აჩვენა - კორონავირუსი, რაზეც მიუთითებდა სისხლის ანალიზებიც.

   მეორე დღეს, ასევე ჩემი მეგობრების წყალობით, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე წამიყვანეს (160 ლარი). დამიდასტურდა კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონიით, ანთებით, კოეფიციენტი 16 (იხ. ქვემოთ).

   ჩემს მეგობრებთან - ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ (მათ ვინაობას არ მივუთითებ, რათა მათ წინააღმდეგ რეპრესიები არ დაიწყოს), შევიძინე 800 ლარის ღირებულების წამლები და 1800 ლარის ღირებულების ჟანგბადის აპარატი და ახლა ვცდილობ, სახლში არ მოვკვდე. ასეც რომ მოხდეს, დიდად არ დავნაღვლიანდები - სამაგიეროდ, შევხვდები მამას, რომელიც ერთი თვის წინ დავკრძალე...

   ვწუხვარ სხვა რამის გამო - ნუთუ ერთი დანტისტის კარიერა და ქურდების გამდიდრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ღირს იმად, რომუნიტაზში ჩაირეცხოსყველაფერი კარგი, რაც 2011 წლიდან მოყოლებული გაკეთდა?! თუ წინა ხელისუფლების ჯალათები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ ათასობით ადამიანის წამების გამო, რას იმსახურებენ ისინი, ვინც მთელ საქართველოს მეთოდურად ანადგურებს?!

     P.S. რამდენიმე წუთის წინ, როდესაც ეს წერილი საქინფორმის რედაქციაში გადაიგზავნა, ჩემს ტელეფონზე უცნაური ზარი გაისმა. ვიღაც ქალმა, რომელმაც თავი "დისპეტჩერად" წარმომიდგინა და "ანანო" მეძახდა, განმიცხადა, რომ დღეს გამოვიდა ცვლაში, "ნახა ჩემი ზარები"(?!) და მირეკავს, რომ "მოვუყვე ჩემ შესახებ"(?!), რათა გადაწყვიტოს ჩემთან სასწრაფოს“ გამოზავნა.

უნდა ვაღიარო, რომ ჩემი პასუხი გარკვეულწილად ემოციური იყო ...

 


საქ
ინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 29 ნოემბერი
საქართველო, თბილისი