საზოგადოება
გიგა ბოკერია -„ევროპული საქართველო“ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ აპირებს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში.

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მეორე ტურის ფარგლებში საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა.

„ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში და პირველ ტურში, არამედ პრობლემაა ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურის დროს. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, თორემ ისე, მე „სირცხვილის კორიდორების“ წინააღმდეგი ვარ, ამ შემთხვევაში. ზოგადად - არა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.