სამართალი
გიორგი სანტურიანი - ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

ამასთან, როგორც სანტურიანი აცხადებს, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურში გადასული კანდიდატების შემთხვევაში უარის თქმის პროცედურას, შესაბამისად, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა.

„ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ პროცედურის აღწერა, რომელიც წარიმართება შემდგომში. მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ტურის გამართვიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, რაც არის 10 დეკემბერი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს საბოლოო, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება ორი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება იმავე მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, სადაც იმართება მეორე ტური და სადაც მას აქვს რეგისტრაცია, არაუგვიანეს 17 ნოემბრის 18:00 საათისა, მომართოს ცესკო-ს ცხელ ხაზს სატელეფონო ზარის მეშვეობით და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, რათა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ასეთ შემთხვევაში, თუკი ისინი ფიქსირდებიან შესაბამისი უწყებების მონაცემებში, საბოლოო ჯამში ისინი აღირიცხებიან სპეცსიებში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას“, – განაცხადა სანტურიანმა.