აქტუალური
ნინო ბურჯანაძე - ამომრჩეველმა, რომელსაც ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და თავში ურტყამენ ადამიანებს, უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამომრჩეველს თუ ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც ლევან ვარშალომიძის მიერ ბათუმში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზება გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

„უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენადაც უფრო გამოფხიზლების. იმიტომ, რომ მე მიმაჩნია ერთი რამ, მაგალითად, თავს ვალდებულად ვთვლიდი, დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ხმები. თუ რომელიღაც ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ოცნების ხმა დაცული უნდა იყოს და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა მოპარული უნდა იყოს, თუ ასე თვლის რომელიღაც ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. მაგრამ რიგითმა ამომრჩეველმა, რომელსაც სურს სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს. თვითონ მიხვდება ადამიანი. რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით, მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით, არ მიიღებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ზემოქმედება, ბურჯანაძემ განაცხადა: „უკაცრავად და ჩემს ამომრჩეველთან რომ მიდიოდა სუს-ი, კუდ-ი და ათასი უბედურება, ქურდები თუ შავი ბიჭები თუ წითლები, რომ ვერ გადაწყვიტეს, ის არ იყო ზემოქმედება? ამაზე ხმა უნდა აღიმაღლოს საზოგადოებამ და ხმამაღლა განცხადება უნდა გაკეთდეს. როგორ არის ახლა? – ბიძინას რადგან 5 თუ 7 მილიარდი აქვს, ყველაფერი მოსულა და სხვას, ვისაც არ აქვს ფული, მათთვის არ მოსულა? ეგ როგორი სამართალია, ძალიან მაინტერესებს. რიგითი ამომრჩეველი ზარალდება იმით, რომ ხელისუფლების სათავეში არიან თაღლითები, რომლებიც არჩევანს გვპარავენ. ამით ზარალდება რიგითი ამომრჩეველი და ამაზე იფიქრეთ ყველამ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.