პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაესვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთი, ცალსახა შეფასება გაკეთდა, საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით მნიშვნელოვანია, პროცესი კვალავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე,,პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ასევე საქართველო – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელს მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, რისთვისაც ბუნებრივია, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ და მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.