სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართვა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

„ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსისგან კვლავ ვისმენთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ჟურნალისტების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველი არხი წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის არსიდან გამომდინარე, მისი სარედაქციო პოლიტიკა ვერ და არ იქნება მორგებული რომელიღაც მხარის დღის წესრიგს.

ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეთა ემოციურ ფონს და გვესმის, რომ შესაძლებელია, ამ ფონზე გაკეთდეს ეგზალტირებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, მაგრამ როცა მეორე დღეს განცხადებები უკვე მუქარის სახეს იძენს იგივე პარტიათა მხრიდან, ეს უკვე შეშფოთების საფუძველსა და მიზეზს გვაძლევს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვებიც: ცდილობენ თუ არა, ზემოქმედება მოახდინონ და დააშინონ საზოგადოებრივი მაუწყებელი? და რა მიზანს ემსახურება მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა?

ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ კრიტიკას და მზად ვართ, მივიღოთ ის, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდება და, მით უმეტეს, მუქარა, უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წლის 31 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში საგანგებო ყურადღებას ამახვილებდა, იყო თანაბარი და კონსტრუქციული პლატფორმის შექმნა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს მიღწეულ იქნა მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „მოამბის“, და „დებატების“ საშუალებით. პარტიებს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეუქმნა კონსტრუქციული წარმომადგენლობითი პლატფორმა, რაც საქართველოს პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში დიდი მიღწევაა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი ეთერის საშუალებით ინტენსიურად შუქდება საპროტესტო აქციები, რაც ოპოზიციას შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ მიაწოდოს საკუთარი გზავნილები საქართველოს მოქალაქეებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს, დააკვირდნენ მიმდინარე პროცესების დროს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და პრინციპულად შეაფასონ საქართველოს პირველი არხის მიმართ გაკეთებული განცხადებები“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართვაში.