უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება - ვულოცავ ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის ოკუპაციისგან სრულ გათავისუფლებას

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა დოკუმენტი დღეს დილით გააფორმეს.

„თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან აზერბაიჯანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლება მიულოცა.

„ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის სრულ გათავისუფლებას ოკუპაციისგან. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარს 15 ნოემბრამდე გადასცემს, აღდამსა და გაზახს 20 ნოემბრამდე, ლაჩინს - 1 დეკემბრამდე. ოკუპაციის შედეგად საკუთარი მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანელები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზედამხედველობით თავიანთ ტერიტორიებზე დაბრუნდებიან,” - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

interpressnews.ge