აქტუალური
სამადაშვილი&უცნობი პირი: „Обозреватель“–მა საქართველოში მზადებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მეორე აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა (აუდიო)

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინული საიტი “obozrevatel” ორ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელთაგან ერთი, გამოცემის ცნობით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის შედგა, მეორე კი, დეპუტატ სალომე სამადაშვილსა და უცნობ პირს შორის. obozrevatel-ზე დაყრდნობით, ჩანაწერები, რომელთა აუთენტურობა დადგენილი არ არის, “იმედმა” გაავრცელა.

obozrevatel-ის მიერ გამოქვეყნებულ მეორე აუდიოჩანაწერში (აუდიოჩანაწერს უსმინეთ აქ), სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი გამოთქვამს უკმაყოფილებას ენმ-ში განვითარებული პროცესების და სიის ფორმირების საკითხზე; ამბობს, რომ “ოცნების” რამდენიმე ახალი სახე არის დასავლეთში განათლებული კადრი, “ამათმა კი [იგულისხმება ენმ] სიაში უნდა ჩაწერონ: დილარ ხაბულიანი, კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, კლოუნი მაჭუტაძე, გუბაზ სანიკიძე, მურმან დუმბაძე”. მისი თქმით, თვითონ უარს იტყვის ასეთ “კოშმარ სიაში” ყოფნაზე, რომელსაც ხმას თვითონაც ვერ მისცემს, რადგან ყოველთვის ემხრობოდა ახალი სახეების მოყვანას, რის ნაცვლადაც პარტია “სხვების ნაგვის შესუნთქვით არის დაკავებული”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სალომე სამადაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კომპილაციაა, მისი შინაარსის განხილვა კი არ ისურვა. სალომე სამადაშვილი აპირებს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ახორციელებს.

ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევით მიმდინარეობს ფარული მიყურადება და ჩაწერა. ეს დაადასტურა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამ. აქედან მხოლოდ ეს შეიძლება დავასკვნათ, ვიდრე ის, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი. ეს არის კომპილაცია სხვადასხვა ჩანაწერების, რომელიც ხორციელდება და ადასტურებს იმას, რომ ჩემზე (და ალბათ, არ ვარ ერთადერთი) ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩაწერა, მათ შორის, სავარაუდოდ, საჯარო შეხვედრის ადგილებზე. ფაქტობრივად, ტოტალიტარულ სახელმწიფოში გავიღვიძეთ, სადაც ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ არჩევანის უფლებას ართმევს ადამიანებს, არღვევს ადამიანის უფლებას პირად სივრცეზე. ამის შესახებ აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა დიპლომატიურ მისიას, ვაცნობებ ევროპარლამენტს, მათ, ვინც ვაშინგტონში მუშაობს საქართველოზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერები რეალურად “ქართული ოცნების” გავრცელებულია და არა – უკრაინული ვებსაიტის.