პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას თუ არ აპირებს, მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას

საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ეს პირადად მისი გადასაწყვეტია.

ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია.

მინდა, აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე. საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამ დარბაზშია შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ასევე ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე წავიდა და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას. აი, აქ გადის საქართველოსთვის ბრძოლის პოლიტიკური ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ მისი პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგი ვიყავით და ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მისი ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.