უცხოეთი
ვლადიმერ ჟირინოვსკი სააკაშვილს - ძვირფასო მიშიკო, რატომ აღელდი, რისთვის გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება საქართველოში? იქ უკვე ისედაც ცუდია

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს არჩევნებში მონაწილეობა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ძვირფასო მიშიკო! რატომ აღელდი ასე. რისთვის გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება საქართველოში? იქ უკვე ისედაც ცუდია: აფხაზეთი თქვენი აღარ არის, სამხრეთ ოსეთი თქვენი აღარ არის, მალე დაკარგავთ ბათუმს, ჩაგითრევენ კავკასიის დიდ ომში. შენ, მიშიკო, გჭირდება მშვიდი ცხოვრება, ისედაც აღელვებული ხარ“, - წერს ჟირინოვსკი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.

ჟირინოვსკი საქართველოს ექსპრეზიდენტს სთავაზობს, ჩავიდეს მოსკოვში, ეწვიოს საუკეთესო ქართულ რესტორანს და მიირთვას ხინკალი, დალიოს ქართული ღვინო, შემდეგ კი წავიდეს იანუკოვიჩთან.

„და კმარა უკვე კვნესა და არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ უკვე ისედაც ყველაფერი გააფუჭეთ: კიევშიც, თბილისშიც და მინსკშიც. მოდით წყნარად, მშვიდად ვიაროთ სოკოებზე, აბანოში, როგორც ეს ლუკაშენკოს უყვარს და ნაკლებად ვიბუზღუნოთ, რომ ეს ის ეკონომიკა და დემოკრატია არაა. ეს თქვენ არ გამოგივიდათ არაფერი, ახალი თაობა კი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ თქვენს გარეშე. კმარა ხალხის გასულელება“, - წერს ჟირინოვსკი.

interpressnews.ge