აქტუალური
ჯილიან სტირკი - ხუთივე კერძო მაუწყებელი, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით, პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა, იყო პარტიული ნიშნით მიკერძოებული

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ოდირ-მა განახორციელა სამაუწყებლო მედიის მონიტორინგი და გამოავლინა პლურალისტური მედიაგარემო, თუმცა მაინც იყო პოლარიზებული მედიაგარემო, რაც პოლიტიკურ, ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა და ხუთივე კერძო მაუწყებელი პარტიული ნიშნით მიკერძოებული იყო, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა განაცხადა.

ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გაშუქებას, მისი თქმით, არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

„ჩვენი მისია იყო შეზღუდული საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია. მე ვარ მისი ხელმძღვანელი და ჩვენ უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში ვიმყოფებით, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას, დავკვირვებოდით წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს და კანდიდატთა რეგისტრაციას, აგრეთვე თვითონ კამპანიის განხორციელებას და იმას, როგორ ხდებოდა არჩევნებისთვის მომზადება. განვახორციელეთ სისტემური მონიტორინგი და მონიტორინგს ვუწევდით შვიდ მთავარ მაუწყებელს, ხუთ კერძო და ორ საზოგადოებრივს. დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური ასპექტები ეფექტიანად იყო მართული. ცესკო-მ გაითვალისწინა და დაიცვა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია, რეგულარულ სესიებზე, რომელსაც ცესკო ახორციელებდა. მმართველი პარტია ნამდვილად დომინირებდა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანთა აღქმაზე არჩევნების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან და ბევრი ბრალდება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ასევე, დავაკვირდით არჩევნებს რამდენიმე უბანზე და ჩვენი საპარლამენტო პარტნიორების მსგავსად, შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე, იყო ბრალდებები იმაზე, რომ არ ხდებოდა მკვეთრი გამიჯვნა სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ნამდვილად დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო.

რაც შეეხება მედიას, ოდირ-მა განახორციელა სამაუწყებლო მედიის მონიტორინგი და გამოავლინა პლურალისტური მედიაგარემო, თუმცა მაინც იყო პოლარიზებული მედიაგარემო, რაც პოლიტიკურ, ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა და ხუთივე კერძო მაუწყებელი პარტიული ნიშნით მიკერძოებული იყო. ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გაშუქებას, ასევე არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც, ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

მინდა, გამოვეხმაურო იმ სიტყვებს, რაც ითქვა მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ნამდვილად შესრულდა სამუშაო სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ასევე უნდა აღინიშნოს საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი, ბევრი ცვლილებაც გათვალისწინებული და მიღებული იქნა. ამავდროულად, ჩვენს შეხვედრებზე იმავე დაკავშირებულმა მხარეებმა გამოხატეს წუხილი და ეჭვები საარჩევნო ადმინისტრაციის განხორციელებისა და აღსრულების თვალსაზრისით, ასევე ეს ეხებოდა კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების საკითხებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ჩვენს განაცხადში, რომ ამ სფეროში ბევრი სამუშაო ნამდვილად განხორციელდა და არის გაუმჯობესებები, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. როგორც ყოველთვის, ოდირი მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დახმარება გაგიწიოთ“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა.